კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს, იან კელის აკრიტიკებს და Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
წულუკიანი ამბობს, რომ კელი "ყოველთვის უჭერდა მხარს იმ ძალებს, რომელთა ქმედებანი ხალხის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული".
"ბატონი იან კელი ღიად ემხრობოდა და დღესაც მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას (2003-2012 წწ.), მოსამართლეს გენერალური პროკურორის დანამატად მიიჩნევდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, ასეულობით არასრულწლოვან ბავშვს, მათ შორის გოგონებს, მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, ატერორებდნენ ბიზნესს და, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ქმნიდნენ აღმშენებლობის "ფეიკს", საკუთარ თავზე ირგებდნენ კონსტიტუციას და ამკვიდრებდნენ ე.წ. "კეთილი ბიძიების" ინსტიტუტს, რაც ციხისგან თავისუფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონების "ჩუქებას“ ნიშნავდა", - წერს წულუკიანი.
წულუკიანმა კელის "ხელმოცარული" უწოდა და თქვა, რომ მან ელჩობის დროს ისეთი „არაპროფესიონალიზმი“ აჩვენა, საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა.
"ქართველებს გვიყვარს უცხოელებისთვის ანგარიშის გაწევა და ამით თავსაც ვიწონებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. შეიძლება, ყური დაუგდო წარმატებულ ადამიანს, ნამდვილ პროფესიონალს. ბატონმა იან კელიმ კი, ელჩობისას, ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა. ინტერვიუში, თავადვე ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატი თავისი ქვეყნის მთავრობის კრიტიკით იყო დაკავებული. ყოველივე ეს კი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აეყვანა", - აღნიშნავს წულუკიანი.
კულტურის მინისტრი ამბობს, რომ იან კელი საქართველოს უსამართლოდ საყვედურობს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „თუ პატარა საქართველოში იქნებოდა ცეცხლი და ომი, სწორედ ესაა კელისთვის "უკრაინის მხარდაჭერა".
"ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მრავალ განსაცდელს გამოვლილი ჩვენი ხალხი ამისთვის აღარ გვემეტება და თუ ეს ჩვენს მაგივრად გსურთ, გვითხარით! სხვაგვარად გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს პატარა საქართველომ იმაზე მეტი უკრაინისთვის, ვიდრე აკეთებს. ყველაზე წინ ვართ უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ოდენობით, გულითადად ვიღებთ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს, ვხსნით უკრაინულ სკოლებს, ვაწყობთ სოლიდარობისა და საქველმოქმედო ღონისძიებებს, აქტიურად ვართ ჩართული ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებში - როგორც უკრაინის, ასევე, ჩვენივე ოკუპირებული ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად...", - წერს კულტურის მინისტრი.
წულუკიანის თქმით, ყოფილი ელჩი მხოლოდ ერთ რამეს აკეთებდა საუკეთესოდ - "მუდამ გვეუბნებოდა, დიდი ინტერესით გაკვირდებითო, მაგრამ კარგი ელჩობისთვის, ეს არ კმარა".